თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის ბანაკებისა და ლაშქრობების მოწყობას გეგმავს
თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის ბანაკებისა და ლაშქრობების მოწყობას გეგმავს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.

„ჩვენ წელსაც, ტრადიციულად ვიწყებთ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. წელს მოეწყობა ბანაკები და ლაშქრობები. ბანაკები იქნება ბაზალეთში, ხოლო ლაშქრობები – თბილისის გარშემო.

ბანაკების ოთხდღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. რაც შეეხება ლაშქრობებს, მათი ხანგრძლივობა იქნება ორი დღე. ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, ინსტრუქტორთა მომსახურებით და ა.შ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტებზე რეგისტრაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე 20 ივლისს დაიწყება და 30 ივლისამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი