თბილისის მერი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სარეაბილიტაციო არეალი „დინამო არენადან“ შოთა შალიკაშვილის ხიდის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. ამ დროისთვის, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, დაწყებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, რაც წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების ქსელების შეცვლას და სანიაღვრე ქსელის მოწყობას გულისხმობს. ხიდსა და გამზირზე არსებული ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება. ასევე, მოეწყობა მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ საგზაო სამუშაოები დაიწყება.

კერძოდ, მოეწყობა ტროტუარი, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED სანათები; გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა სპეციალური ზოლი; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ადაპტირდება. ამასთან, მიმდინარეობს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის სრული რეაბილიტაცია, რომელიც პირვანდელი სახით აღდგება და განახლდება. ხიდის რეაბილიტაცია – ოქტომბერში, ხოლო წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება. შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, რომლის ჯამური ღირებულება 32 600 000 ლარს შეადგენს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.