თბილისის მერი აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
თბილისის მერი აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) თავმჯდომარე ლიუ იანზონგს შეხვდა, რომელიც თბილისს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სტუმრობს. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

ლიუ იანზონგი აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია. SRCIC-ის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო პალატა მასპინძლობს. აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა 2015 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციისა (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა და 36 ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს.