გიორგი ხიდეშელი მესამე ლიგაში დაქვეითებული თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გახდა და გუნდის კრიზისიდან გამოყვანას შეეცდება.
გუნდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ახლა ლიგა 3-შია დაქვეითებული და სეზონის დაწყებამდე გაგი გოგიტიძემ მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაიბარა. თუმცა „ლოკომოტივმა“ პირველი 8 ტური ისე ჩაატარა, მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და გავარდნის ზონაშია.
გიორგი ხიდეშელმა თბილისის „მერანთან“ სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა. 38 წლის სპეციალისტი ახლო წარსულში „ზესტაფონში“ თამაშობდა და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა. იყო ეროვნული გუნდის კანდიდატიც. მაგრამ კარიერა ტრავმების გამო ვეღარ განავითარა.
გიორგი ხიდეშელი თბილისის „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის სხვადასხვა ასაკის გუნდში მუშაობდა, ასევე იყო „გაგრაში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. „ლოკომოტივში“ მის თანაშემწედ ყოფილი თავდამსხმელი გიორგი კახელიშვილი იმუშავებს. ორივე სპეციალისტი UEFA-ს A ლიცენზიის მფლობელია.