თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი - ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ომი და კონფლიქტები, მაგრამ ჩვენი საქმე ფეხბურთია
თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი - ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ომი და კონფლიქტები, მაგრამ ჩვენი საქმე ფეხბურთია

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, თბილისელთა კაპიტანი დავით უბილავა იმყოფებოდა – მისი აზრით, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩი დაძაბული და საინტერესო იქნება.

„ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ. მეტოქე მაქსიმალურად შევისწავლეთ დაცვაშიც და შეტევაში, გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც და მზად ვართ სათამაშოდ. გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები და შედარებით გამოუცდელები შეგვიძლია გავამხნევოთ, რომ იყვნენ თავისუფლად და გახსნილად ითამაშონ,“ – ამბობს დავით უბილავა.

მან გუნდის მოთამაშეთა მოტივაციაზეც ილაპარაკა:

„ისეთი დონის მატჩია, ახსნა არავის სჭირდება, რამხელა მოტივაცია გაგვაჩნია. ვფიქრობ, ყველა მოტივირებული იქნება. ყველაფერი გასათვალისწინებელია, მათ შორის ომი და კონფლიქტები, მაგრამ ჩვენი საქმე ფეხბურთია“.

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ შეხვედრა 17 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება – შეხვედრა 21 საათზე დაიწყება.