თბილისის იუსტიციის სახლსა და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეს, თბილისის იუსტიციის სახლსა და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დამუშავდა, როგორც მომსახურების დარბაზები და ოპერატორთა მაგიდები, ისე ყველა ის სართული, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სარგებლობენ. კერძოდ, დეზინფექცია ჩაუტარდა თბილისის იუსტიციის სახლის სამუშაო ოთახებს, დერეფნებს, სველ წერტილებსა და ტექნიკურ სათავსოებს.

სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება პარალელურ რეჟიმში ხვალიდან იუსტიციის სახლის რეგიონულ ფილიალებშიც დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო ხსნარებს, რომლითაც შენობების დამუშავება ხორციელდება, ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, იუსტიციის სახლში განმეორებითი დეზინფექცია რეგულარულად განხორციელდება.

იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლი თანმიმდევრულად მიიღებს ყველა იმ ზომას, რომელიც თანამშრომელთა და მომხარებელთა დაცვისაკენ იქნება მიმართული.