თბილისის ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 22 პაციენტიდან შვიდს პნევმონია აქვს, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, მოზარდის კი, დამაკმაყოფილებელი
თბილისის ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 22 პაციენტიდან შვიდს პნევმონია აქვს, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, მოზარდის კი, დამაკმაყოფილებელი

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 22 პაციენტიდან შვიდთან დადასტურებულია პნევმონია გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის ჩატარების შედეგად, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„მაგრამ გარკვეულწილად რამდენიმე დღეა, სტაბილურია მისი მდგომარეობა და დაავადება არ პროგრესირებს. თუ პროგრესირება შეჩერდა და დასტაბილურდა, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და არა როგორც მძიმე, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მიუხედავად მკურნალობისა, პაციენტების დაავადება შესაძლოა, პროგრესირდეს. ეს არის დაავადების ხასიათი. ამიტომ დაახლოებით, ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შეიძლება, მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ ტენდენცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ერთ-ერთ პაციენტის მიმართ მე-16 დღეზე ჩატარებული ტესტირებით პასუხი სუსტად დადებითია, ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ მაინც არის.

„ამიტომ მაინც ჯერ დადებითად მიიჩნევა და საჭიროა გაგრძელდეს მეთვალყურეობა. აღებიდან მაქსიმუმ ოთხ დღეში უნდა გადაკონტროლდეს კიდევ ერთხელ“, – განაცხადა მან.

ეზუგბაიას თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს განსაკუთრებული ჩივილები და მასზე გრძელდება მეთვალყურეობა, როგორც ყველა სხვა პაციენტზე.