თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე რამდენიმე პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე რამდენიმე პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მათ ცენტრში ჯამში 21 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება.

ეზუგბაიას განმარტებით, კონტროლის მიზნით შესულ ახალ პაციენტებს კოვიდ19 არ დაუდასტურდათ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომლებთან დაკავშირებითაც არის უკვე გამოჯანმრთელების მოლოდინი, ეზუგბაია ამბობს, რომ ზოგიერთის შემთხვევაში პირველად ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ზოგთან კი კვლევამ ვირუსის კონცენტრაციის შემცირება აჩვენა.

„სულ 21 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება, ვინც იყო ახალი პაციენტები შემოსული კონტროლზე, ყველასთან ნეგატიური იყო. ჩვენი პაციენტების ტესტირება გამოჯანმრთელების თვალსაზრისით გრძელდება. გუშინ რამდენიმესთან ჩატარდა, მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ვნახოთ, დღის მეორე ნახევარში როგორი ვითარება გვექნება. რამდენიმესთან კონცენტრაციის შემცირებაა და მთლად სრულად ნეგატიური ვერ მივიღეთ, მაგრამ ალბათ გაგრძელდება მათი კვლევა და ისინიც შეემატებიან გაწერილთა რიცხვს“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან სულ განკურნებულია 29 ადამიანი, ქვეყნის მასშტაბით კი – 39.