თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა, ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, რამდენიმე პაციენტი მძიმეა, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

ენდელაძის განცხადებით, კლინიკა დღეს ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

„დღეისთვის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მოთავსებულია 52 პაციენტი. დღეს გაეწერა ხუთი გამოჯანმრთელებული. არის რამდენიმე შესაძლო შემთხვევა კლინიკაში, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით. ხვალისთვის უკვე ველოდებით ახალ გამოჯანმრთელებულებს. რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, ძირითადად მათი მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. რამდენიმე პაციენტია მძიმე, თუმცა კეთილსაიმედო. ახალი ინფიცირებული დღეს არ მიგვიღია. სამი შესაძლო შემთხვევა მივიღეთ, რომელთა პასუხები სავარაუდოდ ხვალ გვეცოდინება. კლინიკაში ასევე გვყავს რამდენიმე არასრულწლოვანი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.