თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია განხორციელდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია განხორციელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა ლოჯისტიკის განსაკუთრებულ პირობებს ითხოვს.

თუმცა, ცერცვაძის თქმით, ეს საკითხი პრინციპულად გადაწყვეტილია, რადგან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაბამისი აღჭურვილობა, კერძოდ, ვაქცინის შესანახი მინუს 80 გრადუსიანი მაცივრები.

„რაც შეეხება კლინიკების მოწყობას ინფრასტრუქტურის კუთხითაც – ცალკე შესასვლელები და გარემო, სადაც აცრები განხორციელდება, ამ მიმართულებით ძირითადად პრობლემები იქნება პირველ პარტიაზე, რომელიც სავარაუდოდ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება. სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინა მოითხოვს ლოჯისტიკის ასეთ განსაკუთრებულ პირობებს და გარკვეულ ფაქიზ მოპყრობას. ეს საკითხი პრინციპულად გადაწყვეტილია, რადგან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაბამისი აღჭურვილობა, მხედველობაში მაქვს -80 გრადუსიანი მაცივრები და შენახვის თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ შეიქმნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, გამოყოფილი იქნება ცალკეული კლინიკები, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.

გარდა ამისა, ცერცვაძის განმარტებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩატარდება.

„არანაირი განსაკუთრებული მზადება არ ხდება. ჩვენ გვაქვს ამისთვის გამოყოფილი ფართი, გვყავს ძალიან კვალიფიციური, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმები, რომლებიც დღემდე ძალიან წარმატებით მართავენ ამ კოვიდპანდემიას. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს საავადმყოფოს აქვს გადარჩენის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ევროპაშიც. იგივე ექიმები განახორციელებენ ძალიან წარმატებით ვაქცინის გამოყენებას.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად აწყობილი ჟანგბადის მიწოდების სისტემა, თუ ეს საჭირო იქნება, გვაქვს უახლესი სუნთქვის აპარატებით მოწყობილი რეანიმაცია, ეს არ გახდება საჭირო, თუმცა ათასში, თუ მილიონში ერთხელ რომ გახდეს საჭირო, ამ ყველაფერს ჩვენი კლინიკა ხვდება ასპროცენტიანი მზადყოფნით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პასუხისმგებლობის განაწილებას ითვალისწინებს, ცერცვაძის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით ეს სტანდარტული პროცედურაა.

„ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა – მწარმოებელ და მიმღებ მხარესაც. ეს სტანდარტული პროცედურებია, ამაში ახალი არაფერია, ყოველი ვაქცინის წინ ხდება მსგავსი პასუხისმგებლობის განაწილება“, – დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი