თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსზე სინჯებს დღეს აუღებენ
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსზე სინჯებს დღეს აუღებენ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებულ ოთხ პაციენტს ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირების მიზნით სინჯებს დღეს აუღებენ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, კლინიკაში ოთხი ადამიანი გუშინ დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს და ისინი კვლავ მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

„მათ კვლევები გუშინვე ჩაუტარდათ, გამოირიცხა პნევმონია, ასევე „ა“ და „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი. აღნიშნული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა 37.5. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. დღეს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები მოვლენ და ახალი კორონავირუსის ტესტირებისთვის ნიმუშებს აიღებენ. პასუხი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, ოთხიდან ორი პაციენტი ირანის, ორი კი – საქართველოს მოქალაქეა.

„ორი პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, ერთ-ერთი იმყოფებოდა იტალიაში, მეორე კი – ირანში. რაც შეეხება დანარჩენებს, ისენი არიან ირანის მოქალაქეები“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ამასთან, რაც შეეხება ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელიც კლინიკაში გუშინ რკინიგზის სადგურიდან მიიყვანეს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა შანხაი ერთი თვის წინ დატოვეს და სამი კვირა დუბაიში იმყოფებოდნენ, ამის შემდეგ კი, საქართველოში ჩამოვიდნენ.

„ეს ანამნეზი გამორიცხავს კორონავირუსს, მაგრამ მაინც მოხდა დაკვირვება პაციენტებზე. არც ერთ ეპიზოდზე ტემპერატურა არ აღენიშნებოდა არც ერთს, არც ხველა და სუნთქვის უკმარისობა, ამიტომ მათი ჰოსპიტალიზება საჭიროდ არ ჩაითვალა და კლინიკიდან გაეწერნენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.