თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე ტესტი დღეს 16 პაციენტს ჩაუტარდა და ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა
თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე ტესტი დღეს 16 პაციენტს ჩაუტარდა და ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციურ კლინიკაში ახალ კორონავირუსზე დღეს ტესტი 16 პაციენტს ჩაუტარდა და 16-ვეს პასუხი უარყოფითია, შესაბამისად, კლინიკას ახალი ინფიცირებულები არ შემატებია, – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში ამ დროისთვის 148-ს შეადგენს, საიდანც 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„ამ ეტაპზე სიახლეები არ არის, დილის მონაცემების შემდეგ უცვლელი სიტუაცია გვაქვს. აქამდე რჩება 148 დადასტურებული შემთხვევა, ჩვენთანაც 40 დადასტურებული შემთხვევაა და ეს მაჩვენებელი უცვლელია. ჩვენთან დღეს 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა უარყოფითია, ანუ ნეგატივია, არ შეგვმატებია. ასევე, როგორც ვიცი, ზოგადად ჯერჯერობით შემატებული არ არის დადასტურებული რაოდენობა, რადგან ლუგარის ლაბორატორიაში კვლევის პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ მეორე ეტაპის ფარგლებში, განმეორებითი ანალიზი რვა პაციენტისთვის იქნა აღებული, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.