თბილისის „იბერიის“ კიბერმოთამაშე დათუნა ბერია eLiga Georgia-ს საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT
კიბერფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარებული ტურნირის, eLiga Georgia-ს ფინალში დათუნა ბერიამ გორის „დილას“ წარმომადგენელი დათო ანტონაშვილი 6:4 დაამარცხა და პირველობა იზეიმა.
ჩემპიონატში თორმეტი კიბერფეხბურთელი ასპარეზობდა, რომლებიც საქართველოს ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის გუნდებს წარმოადგენდნენ.
გამარჯვების შემდეგ eLiga Georgia-ს ჩემპიონი ბერია „იბერია 1999-ს“, ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, e-ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე წარადგენს, რომელთაც EA Sports აორგანიზებს.
საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაცია 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ ელექტრონულ ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატების ორგანიზატორია. ფედერაციის მიზანია, ახალაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაცია, მოყვარული და პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენა და მათთვის კიბერსპორტში გზის გაკვალვა.