თბილისის განვითარების ფონდი „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ რეაბილიტაციას გეგმავს
თბილისის განვითარების ფონდი „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის „მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის” (პიონერთა სასახლის) რეაბილიტაცია იგეგმება. აღნიშნულ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. მანამდე კი უნდა მომზადდეს სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი.

ამ სამუშაოს შესყიდვის მიზნით, თბილისის განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

რაც შეეხება სატენდერო მოთხოვნებს, დოკუმენტში წერია, რომ პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე მინიმუმ 15 შესრულებული პროექტი, ასევე პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების მქონე მინიმალური სავალდებულო პერსონალი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შესყიდვის ობიექტის მომზადების პროცესში, შემდეგი სფეროების მიხედვით: არქიტექტორი; კონსტრუქტორი; არქიტექტორ-რესტავრატორი; ხელოვნებათმცოდნე.

სატენდერო წინადადებების მიღების ვადა 11 თებერვალს იწურება. გამარჯვებულმა კომპანიამ დამკვეთს მზა პროექტი 2019 წლის 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.