თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლ „მართვეს“ საპრეზენტაციო ღონისძიება მიმდინარეობს
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლ „მართვეს“ საპრეზენტაციო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლ „მართვეს“ საპრეზენტაციო ღონისძიება მიმდინარეობს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, „მართვეს“ პრეზენტაციას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, ცნობილი ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ამასთან, ანსამბლი მოწვეული სტუმრების წინაშე ახალი სასცენო სამოსით წარდგა, რომელიც სამინისტროს დაკვეთით კომპანია „ფაფანაკმა” შეკერა.

„ანსამბლი „მართვე“ 2018 წლიდან 2022 წლის 27 აპრილამდე სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ სტრუქტურული ერთეული იყო. მიმდინარე წლის მაისიდან კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, 45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. ანსამბლის ახალი სახელწოდებაა: სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილია.

მნიშვნელოვანია, რომ „მართვე“, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეძლებს საკუთარი შემოსავლების თავისივე განვითარებისთვის გამოყენებას, რომლის წყაროც სიმღერის, ცეკვისა და თეატრის გაკვეთილებზე ჩაწერილი მოსწავლეების მიერ ორგანიზაციაში შეტანილი საფასურია.

ანსამბლი „მართვე“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებას აგრძელებს იმავე მისამართზე (მის.: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N103) და კვლავ შეინარჩუნებს სამ სასწავლო-სახელოვნებო მიმართულებას: სიმღერა, ქორეოგრაფია და თეატრი.

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მართვე“ 1978 წელს, საქართველოს სახალხო არტისტმა, ლოტბარმა და კომპოზიტორმა ანზორ ერქომაიშვილმა დააფუძნა და ის არაერთ სასწავლო-სახელოვნებო დარგს აერთიანებს. მრავალწლიანი ტრადიციის მქონე ანსამბლში ასეულობით ახალგაზრდამ შეისწავლა ხალხური სიმღერა. ანსამბლი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია.

ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ 1978 წელს, თბილისის განათლების სამმართველოს ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ცენტრის ბაზაზე დიდი ქართველი მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის და წარსულში ამავე ცენტრის დირექტორის, ნათელა ჯიღაურის ინიციატივით დაარსდა. XX საუკუნის 80-იან წლებში მწვავედ დაისვა მომავალი თაობისთვის ეროვნული სამუსიკო კულტურისადმი ჭეშმარიტი ინტერესის გაღვივების საკითხი, 1976 წელს დაიბადა იდეა შექმნილიყო ბიჭუნათა გუნდი. ამ მიზნით მოწვეულ იქნენ ქართული სამუსიკო ხელოვნების თვალსაჩინო ლოტბარები, აწ განსვენებული კოტე მშვიდობაძე და რამინ მიქაბერიძე.

მომღერალ ბიჭუნათა პირველი საკონცერტო პრემიერა 1978 წელს საქართველოს ტელევიზიით შედგა, გადაცემის მსვლელობისას მაყურებელს შესთავაზეს ანსამბლისთვის სახელის შერჩევა, სწორედ ასე შეირჩა საგარეჯოელი დავით შაქარაშვილის – „მართვე“ („…ეს ბავშვები დიდი მომღერალი არწივების ბარტყები – მართვეები არიან“…).

„მართვემ“ მალევე მოიპოვა პოპულარობა, მას თითქმის ყველა საზეიმო კონცერტზე იწვევდნენ, შედგა პირველი წარმატებული გასტროლებიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის კომპოზიტორების, დიმიტრი კაბალევსკისა და ოთარ თაქთაქიშვილის მხრიდან. 1980 წლიდან ანსამბლი უკვე დატვირთული იყო საგასტროლო განრიგით (ტაივანი, გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი, შვეიცარია, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, თურქეთი, ტაილანდი, ესპანეთი, სომხეთი, უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, აშშ, იტალია და სხვ), მათზე წერდა უცხოური პრესა.

44 წლის განმავლობაში „მართვემ“ მდიდარი რეპერტუარით, დიდი და საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია შექმნა. ანსამბლმა სრულად შეცვალა საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის – ქართული ხალხური სიმღერისადმი დამოკიდებულება – ახალგაზრდობამ დაიწყო სიმღერის შესწავლა და შესრულება. ანსამბლი „მართვე“ არაერთი სახელმწიფო პრემიისა და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ანსამბლის შესახებ შექმნილია მუსიკალური ფილმი „მღერის „მართვე“, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულია წიგნი, 2011 წელს კი, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, გაიხსნა „მართვეს“ ვარსკვლავი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან ანსამბლ „მართვეს“ დამაარსებლები და ხელმძღვანელები: ანსამბლის დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც 1978-2021 წლებში „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა დროს „მართვეს“ ლოტბარები იყვნენ ქართული სამუსიკო ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები კოტე მშვიდობაძე და რამინ მიქაბერიძე. 1995 წლიდან ანსამბლის მთავარი ლოტბარია „მართვეში“ აღზრდილი ვალერი ქუტიძე“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი