თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტზე მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტზე მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიმდებარედ მომხდარ ფაქტზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 28 თებერვალს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მანდატურს შეატყობინეს მათი თანაკლასელი გოგონას მხრიდან შესაძლო სუიციდის მცდელობის შესახებ. კერძოდ, გოგონამ სატელეფონო შეტყობინებით თანაკლასელს აცნობა, რომ სკოლაში მისვლამდე, სუიციდის მიზნით, მედიკამენტები მიიღო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მოხდა.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მანდატურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, უმოკლეს დროში მოძებნა გოგონა, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა. ამჟამად, მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საქმეში ასევე ჩაერთო მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. მოზარდთან მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები იმუშავებენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამსახური ყველა საინფორმაციო საშუალებას თხოვს, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ აღნიშნული ფაქტის ინტერპრეტირებისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.