თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-მდე ადამიანს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას თბილისის მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება 
თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-მდე ადამიანს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას თბილისის მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება 

თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-მდე ადამიანს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას თბილისის მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიამ დააზარალა ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა და აღნიშნა, რომ ფინანსურ დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული.

„პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის კულტურისა და ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება, ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა დააზარალა. ეს იყო დარგი, რომელიც ყველაზე პირველი გაჩერდა. პანდემიის პირობებში არსებული რეკომენდაციების ფარგლებში მათ მოუწიათ გაჩერება, დახურვა და დღემდე, არ ფუნქციონირებენ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მათთვის, რადგან არის ძალიან ბევრი დასაქმებული ადამიანი და მათ უკან დგას ოჯახები. შესაბამისად, სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეს არის სფერო, რომელმაც დედაქალაქს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით სახელი გაუთქვა, მოიზიდა უამრავი ტურისტი და ქვეყნის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა.

„აუცილებელია, რომ ერთი მხრივ, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათ ოჯახებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შევუმსუბუქოთ, ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და სხვა ორგანიზაციებს სიცოცხლისუნარიანობა შევუნარჩუნოთ, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო თანადგომით, მათ შევუნარჩუნოთ პოტენციალი და მოტივაცია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ აქტიურად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ჩვენი მხრიდან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას. ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ ადამიანებთან მქონდა კომუნიკაცია, ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა, ანდრია ბასილაია აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მლნ ლარი იქნება და ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული სულ მცირე 500 შემოქმედი. საუბარია დიჯეებზე, ზოგადად ამ დარგში მომუშავე ადამიანებზე, 50-ზე მეტ ორგანიზაციაზე. ფინანსური დახმარების პაკეტით ისარგებლებენ, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის მოხდება მხარდაჭერა განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ. ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში დაიწყება უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

„იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასთან, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, აღნიშნული მიმართულება გამოვაცოცხლოთ და ღამის ცხოვრებას ახალი სიცოცხლე შევძინოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო არსებული პრობლემის მოგვარებაში, კომუნიკაციასა და გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.