თბილისის „დინამოში" 16 წლის ფეხბურთელი დააწინაურეს [ვიდეო]

თბილისის „დინამოს” ოფიციალურ გვერდზე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ მთავარ გუნდში საფეხბურთო აკადემიის გაზრდილი ფეხბურთელი დააწინაურეს – ეს მოთამაშე ლუკა გაგნიძეა.

„დინამოს” 16 წლის ახალწვეული ქუთაისელია, 2011 წლიდან კი თბილისის „დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში იზრდება და გუნდის და თავისი ასაკის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. გაგნიძე თავისი ასაკის საქართველოს ნაკრების წევრი და კაპიტანია.

„დინამოს” ახალწვეულმა ნახევარმცველმა თავი ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გამოიჩინა, სადაც საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

როგორც შევიტყვეთ, დღეს გაგნიძემ მთავარ გუნდში პირველად ივარჯიშა და მთავარ გუნდს ეტაპობრივად შეაჩვევენ. უცნობია, იქნება თუ არა 16 წლის ფეხბურთელი „დინამოს” განაცხადში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, რომელიც „დინამო-არენაზე” 4 მაისს გაიმართება – თბილისური კლუბი ბოლნისის „სიონს” უმასპინძლებს.