თბილისის „დინამომ“ ამხანაგურ მატჩში ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა #1TVSPORT
თბილისის „დინამომ“ ამხანაგურ მატჩში ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში, სანაკრებო შესვენების დროს, „დინამო თბილისი“ და ბოლნისის „სიონი“ ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ. დიღომში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე გამართული თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში, მიუხედავად საგოლე მომენტებისა, თბილისელები გატანას ბოლო წუთებამდე ვერ ახერხებდნენ.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლნისელთა წინააღმდეგობა ბოლოს დაძლია – ჯერ 86-ე წუთზე, „სიონის“ კარში დანიშნული პენალტი გიორგი მოისწრაფიშვილმა გამოიყენა, ბოლოსწინა წუთზე კი ულად-ომარ იმრანმა ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „დინამოს“ სასარგებლოდ.

ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და მათ შედეგებს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – თბილისელები ლიდერობენ (76 ქულა) და ჩემპიონობის დასაბრუნებლად ბათუმის „დინამოსთან“ (73) უპირატესობის შენარჩუნება სჭირდებათ. ბოლნისის „სიონი“ (33) კი მე-9 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის რეალური საფრთხის წინაშე დგას. თუმცა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ „გაგრასა“ (36 ) და „თელავს“ (35) გადაასწროს და ეროვნულ ლიგაში ადგილი პირდაპირ შეინარჩუნოს.