თბილისის „დინამო“ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია [ვიდეო]

თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის გუნდი ლიეტუვაში დასრულებული 11-წლამდელი ფეხბურთელების საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

„ატეიტის თასი“ ტრადიციული გათამაშებაა, რომელიც ვილნიუსში ტარდება. ბოლო წლებში მისი ორგანიზატორები ქართულ გუნდებს სისტემატურად იწვევენ.

ფინალში დინამოელებმა ვილნიუსის „ჟალგირიეტისი“ 1:0 დაამარცხეს. გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბულად და ორმხრივი შეტევებით წარიმართა, მატჩის ბედი კი საბა ხარებაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გადაწყდა და „დინამო“ ტურნირის მთავარ პრიზს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში ზურაბ ელიავას გაწვრთნილებმა მეტოქეები ისე დაამარცხეს, რომ საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვიათ. „დინამომ“ ჯგუფში ლიეტუვის ტფა-ბლუ 4:0 დაამარცხა, მინსკის „დინამო“ – 2:0, სანკტ-პეტერბურგის „ენჯელბოლი“ – 4:0 და უჟგოროდის „ჩაიკასაც“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. თბილისელებმა მეოთხედფინალში თურქული „ანტალიასფორიც“ იოლად დაჩაგრეს – 5:0, ხოლო ნახევარფინალში ევროპული ფეხბურთის გრანდის, დორტმუნდის „ბორუსიას“ მომავალ თაობას 1:0 აჯობეს. სულ დინამოელებმა მეტოქეებს 21-ჯერ გაუტანეს.

თბილისელებმა ინდივიდუალური ტიტულებიც მოიპოვეს. დაჯილდოებაზე უპრეცედენტო ამბავი მოხდა: ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი თბილისელთა ორივე მეკარეს გადასცეს – გიორგი ბაშარულსა და ირაკლი ერიაშვილს. საუკეთესო ნახევარმცველა ანდრია ბართიშვილი გახდა.

ზურა ელიავას გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: ირაკლი ერიაშვილი, გიორგი ბაშარული, თორნიკე შუბითიძე, საბა ხარებაშვილი, ლუკა ციკოლია, გიორგი ლომიძე, ნიკა შათირიშვილი, ნიკა ადუაშვილი, ანდრია ბართიშვილი, კობა კაკაშვილი, ნიკა ბენდელიანი, შოთიკო დიაკონიძე, გიორგი ჯანელიძე, ცოტნე ხარებავა.