თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა
თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა

31 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი – თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.

თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ძველი, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.

ამასთან, აღინიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.

საკრებულოს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრები თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურნენ და ოპოზიციას მოუწოდეს, „უგულავას მიერ გაფლანგული თანხების დაბრუნებაზე იფიქრონ“.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.