თბილისის ბიბლიოთეკაში უსინათლო და მცირედმხედველთათვის განკუთვნილი აპარატურა განახლდა
თბილისის ბიბლიოთეკაში უსინათლო და მცირედმხედველთათვის განკუთვნილი აპარატურა განახლდა

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში (ვაჟა ფშაველას 99) არსებულ საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტომ (NIA – NationalInformationSocietyAgency) უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურა განაახლა. ინფორმაციას „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ამიერიდან, ცენტრის სტუმარ უსინათლო და მცირედმხედველ ადამიანებს უფასოდ ექნებათ წვდომა უახლეს ტექნიკასთან, რაც მათ ინფორმაციისა და განათლების მიღებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში დაეხმარება.

ცენტრი განახლდა უსინათლოთათვის განკუთვნილი შემდეგი ტექნიკით: ნაბეჭდი ტექსტის წამკითხველი მოწყობილობა, ბრაილის შრიფტის უსადენო კონტროლერი, გამოსახულებისა და ტექსტის გამადიდებელი და წამკითხველი სტაციონარული და პორტატული აპარატი, ვიზუალური მასალის გამხმოვანებელი აპარატი (რაც უსინათლოებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ტექსტს, ამოიცნონ სახეები, აღიქვან შტრიხკოდები, ფულის კუპიურა, ფერები და სხვა), პორტატული მულტიპლეერი OCR სისტემით, ხელის ვიდეოგამადიდებელი მცირედმხედველთათვის და სხვა. ასევე, სააგენტომ ცენტრი აღჭურვა უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და ფოტო და აუდიო სისტემებით.

„საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი მრავალფუნქციური ორგანიზაციაა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო ლაბორატორიას, საერთო სამუშაო სივრცეს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და სხვადასხვა სერვისებს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის. მათთვის მოწყობილ სპეციალურ ინტერნეტ სივრცეში განთავსებულია წიგნის საკითხავი მოწყობილობები, უსინათლო ადამიანებს აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ნებისმიერ ციფრულ თუ ნაბეჭდ ინფორმაციასთან, რაც ხელს უწყობს მათი ინფორმირებულობის გაზრდას, დისტანციური სწავლის შესაძლებლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტჩართულობას“, – აცხადებენ „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში“.

დატოვე კომენტარი