თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია 20 აგვისტოს იწყება
თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია 20 აგვისტოს იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით აცხადებს.

2018-2019 სააღმზრდელო წლებისთვის, დამატებითი რეგისტრაციის მიზნით, განცხადებების მიღება საბავშვო ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები; დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა); ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები; სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს); იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი; სხვა დანარჩენი განცხადებები.

რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ: ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება; სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.

განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც ისინი ბაღების მართვის სააგენტოში გადაიგზავნება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება.