თბილისის ავტობუსებში დღეიდან გარკვეული მომსახურების წესები იცვლება
თბილისის ავტობუსებში დღეიდან გარკვეული მომსახურების წესები იცვლება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები იცვლება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა.

„საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროსა და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობაც.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხას.

საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დღეიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება.