თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ამასთან, დამოუკიდებლობის დღე უკრაინელ ხალხს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიულოცა და, ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, კეთილდღეობა უსურვა.

„ვულოცავ ჩვენს მეგობარ უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი! უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.