თბილისის აეროპორტში თამბაქოს მოსაწევი სივრცე მოეწყო
თბილისის აეროპორტში თამბაქოს მოსაწევი სივრცე მოეწყო

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში თამბაქოს მოსაწევად სპეციალური სივრცე მოეწყო.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, სივრცე 102-ე ჩასხდომის ხიდთან მდებარეობს და სავენტილაციო სისტემითაა აღჭურვილი.

კომპანიის ცნობით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის მოხმარება აეროპორტის შენობა-ნაგებობებში და აეროპორტის შიდა სარეჟიმო ტერიტორიაზე, გარდა სპეციალურად მოწყობილი მოსაწევი ადგილებისა.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა. კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე. ერთ-ერთი გამონაკლისია, აეროპორტის სატრანზიტო ზონა, სადაც თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც აქვს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ ხვდება და რომელშიც არ ხდება საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება.