თბილისის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ​ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი
თბილისის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ​ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს ახალგაზრდა ქალი ჩამოფრინდა, რომელსაც თერმოსკრინინგისას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა.

ეზუგბაიას განცხადებით, ქალი საქართველოს მოქალაქეა. მისივე თქმით, ის მუშაობდა მასწავლებლად ჩინეთის დუჯანიანის პროვინციაში, რომელიც უხანიდან 1000 კილომეტრით არის დაშორებული. როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, როდესაც ქალბატონმა ეს სივრცე დატოვა, ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა იმ დროისთვის დაფიქსირებული არ ყოფილა. მისივე თქმით, ფაქტი ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად არ განიხილება.

„დღეს, დილით აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი, რომელიც მოდიოდა ჟენევა-სტამბოლის რეისით. ეს ქალბატონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, წამოსულია ჩინეთიდან. აეროპორტში მას ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ქალბატონი მაშინვე იქნა გაყვანილი საიზოლაციო სივრცეში, სადაც მოხდა თერმომეტრიზაცია განმეორებით რამდენჯერმე და ტემპერატურა აღინიშნა 37.5 გრადუსი.

ასევე დგინდება, რომ ეს გოგონა მუშაობდა მასწავლებლად დუჯანიანის პროვინციაში, რომელიც უხანიდან დაშორებულია 1000 კილომეტრით. 25 წლის ქალბატონმა ეს სივრცე როდესაც დატოვა, არც ერთი შემთხვევა იმ დროისთვის დაფიქსირებული არ იყო. შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შვეიცარიაში, სწორედ ამ დროს დაფიქსირდა იმ პროვინციაში რამდენიმე შემთხვევა. პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურამ დაიწია.

„პნევმონია გამოირიცხა. მას რამე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები არ უფიქსირდება. 24-საათიანი დაკვირვების რეჟიმში თუ ტემპერატურა არ მოუმატებს, ზოგადი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი და განმეორებითი ანალიზით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდება, ეს გოგონა არც ახლა და არც მომავალში არ განიხილება ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად“,- აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება. ექიმების განცხადებით, ისინი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად სიმპტომების გამო არ განიხილებიან, თუმცა პრევენციის მიზნით სამივე პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება. ორი მათგანის ანალიზები უკვე გადაგზავნილია ნიდერლანდებში. პასუხს ქართული მხარე სავარაუდოდ სამშაბათს, დღის ბოლოს ელოდება.