თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მიიღებს მონაწილეობას
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მიიღებს მონაწილეობას

28-29 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ესტუმრება, მათ შორის, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი და სლოვენიის ვიცე-პრემიერი კარლ ერიავეცი. ფორუმში მონაწილე ათასზე მეტ დელეგატს შორის ასევე 20 მინისტრი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო ხდება საერთაშორისო დიალოგის პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა იმ კავშირებზე, რომელიც ქვეყნებმა უნდა განავითარონ ვაჭრობის გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

„28 ნოემბერს, ფორუმის ფარგლებში  ქვეყნებს შორის გაიმართება მაღალი დონის დიალოგი, სადაც როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესის დონეზე განხილული იქნება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელოვანი საკითხები. აბრეშუმის გზის ფორუმი ემსახურება იმას, რომ გაიზარდოს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელობა. სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც საქართველო აკავშირებს ევროპას და აზიას, არის ჩინეთიდან წამოსული ტვირთების ე.წ. „ცენტრალური კორიდორი,“ როგორც მას თურქეთის პრეზიდენტმა უწოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დერეფანში ჩართული ქვეყნებიდან მოხდეს საერთაშორისო ტვირთების მოძიება და მისი მნიშვნელობის ამაღლება“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მომავალი სამი წლის განმავლობაში 4 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა დაანონსებული ქვეყნის დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე გამოცხადებული აქვს ინტერესთა გამოხატვა ორი ლოგისტიკური ცენტრის შექმნაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისა და აბრეშუმის გზის დერეფანში საქართველოს როლის  გაზრდისთვის. „ფორუმზე ცალკე პანელი დაეთმობა ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ დერეფანში. აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი  საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც მათ მოუტანს სტაბილურობას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები. აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ხოლო 29 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ გაგრძელდება. ფორუმის ფარგლებში თემატური სესიები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა – მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნისოფიციალურიდელეგაციისწევრმადა 50 ქვეყნისბიზნესისწარმომადგენელმა.

ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.