თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ სხვადასხვა ქვეყნის 15-ზე მეტი მინისტრი, ასევე მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან
თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ სხვადასხვა ქვეყნის 15-ზე მეტი მინისტრი, ასევე მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან

28-29 ნოემბერს თბილისში „აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ აღნიშნა, ფორუმს მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან.

„15-ზე მეტ მინისტრს ველოდებით, ასევე გვესტუმრებიან მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები, ასევე სლოვენიის ვიცე-პრემიერი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებს ველოდებით, საერთო ჯამში, 34-ზე მეტი ქვეყნის უმაღლეს პირს და ასევე 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს. აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობა არის ძალიან მაღალი და დაინტერესებაც გაიზარდა წელს. ღონისძიებაზე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ცნობიერება აიწევს და ეს მნიშვნელოვანია საინვესტიციო ნაწილში. ასევე აბრეშუმის გზის ინიციატივა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის მიერაა დაანონსებული და რომლის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ინიციატივას გამოეხმაურა, იყო საქართველო და ჩვენ აღნიშნული ფორუმით ვაგრძელებთ ამ ინიციატივის მხარდაჭერას და ვართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში ამ ინიციატივაში ჩართულობის ნაწილში. ფორუმი ასევე ემსახურება ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას და ჩვენ ველოდებით ამ ნაწილში სხვადასხვა მემორანდუმებზე ხელმოწერას, რაცც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრებმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა.