თბილისის 89-ე საბავშვო ბაღი შენობის ავარიულობის გამო დაიხურა
თბილისის 89-ე საბავშვო ბაღი შენობის ავარიულობის გამო დაიხურა

გლდანში მდებარე 89-ე ბაგა-ბაღმა მუშაობა შეწყვიტა. როგორც დედაქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტოდან პირველ არხს აცნობეს, მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის თანახმად, ბაღის შენობა ავარიულია.

მათი თქმით, შენობას ორივე სართულზე აქვს ბზარები და მასში ბაღის ფუნქციონირება დაუშვებელია. მოხდება ბაღის დემონტაჟი თუ გამაგრება, ეს სპეციალური ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ბაღში დარეგისტრირებულ 650-მდე ბავშვს, სააგენტოს ინფორმაციით, მათთვის ალტერნატიული ფართის მოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ პირადად გააცნო.

სააგენტოს მონაცემებით, თბილისში კიდევ 13 ავარიული ბაღია, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარება. ისინი მომავალ წელს დაინგრევა და მათ ადგილას ახალი ბაღები აშენდება.

ეს ბაღებია: N6, N10 , N14, N19, N26, N28, N43, N47 , N84, N96, N 109, N125, N26 „ვარკეთილის მეურნეობა“. მათგან ნაწილი დახურულია.სააღმზრდელო პროცესი გრძელდება მე-14, 28-ე, 43-ე, 96-ე და 26-ე ბაღებში.

ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, მათ აქვთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნა აღსაზრდელებისთვის ამ ეტაპზე უსაფრთხოა და ბავშვებს ამ შენობაში სიარული მომავალი წლის იანვრამდე შეუძლიათ. მომავალი წლიდან დაგეგმილია მათი გადაყვანა ალტერნატიულ ფართებში, რის შემდეგაც ავარიული შენობები დაინგრევა და ახალი აშენდება.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს დამატებით აშენდება კიდევ 10 საბავშვო ბაღი.

წელს დედაქალაქში ცხრა ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რის შედეგადაც სამი ათასი დამატებითი ადგილი გაჩნდა. დღეს დედაქალაქში 180 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს.