თბილისის 76-ე ბაღში, რომელიც გაზის სუნის გამო ნოემბრის შემდეგ დახურულია, სააღმზრდელო პროცესი 10 დღეში განახლდება
თბილისის 76-ე ბაღში, რომელიც გაზის სუნის გამო ნოემბრის შემდეგ დახურულია, სააღმზრდელო პროცესი 10 დღეში განახლდება

თბილისში, ორხევში მდებარე 76-ე საბავშვო ბაღში, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან ბავშვებს ვერ იღებდა, სააღმზრდელო პროცესი დაახლოებით 10 დღეში განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, უკვე მიიღეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ე.წ. ბიოგაზი მხოლოდ ერთ ოთახში, სარდაფის დონეზე მდებარე ფართში გროვდება, თუმცა მისი კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება ოთახებს, რომლებიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, იქ აირი არ ფიქსირდება.

გვანცელაძის ინფორმაციით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რეკომენდაციებიც გასცეს, რომლის თანახმად ყველა ოთახში უნდა დამონტაჟდეს გაზის დეტექტორები, სარდაფში კი ბუნებრივი ღიობები გაკეთდეს, რათა ეს ნაწილი მუდმივად ნიავდებოდეს.

გვანცელაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება შესაბამისი მოწყობილობების შესყიდვის პროცედურები და ბაღი მუშაობას 10 დღეში განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ბაღში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო მშობლების ნაწილმა 23 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. 76-ე ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2019 წლის 18 ნოემბერს, „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების რეკომენდაციით შეწყდა. მიზეზი აირის სუნი გახდა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ საუბარია ბიოგაზზე, რომელიც ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ნაგავსაყრელი იყო.