თბილისის 52-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის 52-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 52-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სკოლის დირექტორმა, ნანი გიორგაძემ განუცხადა.

გიორგაძის თქმით, მოსწავლის დაინფიცირების წყაროდ სახელდება მისი ძმა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობს და რომელსაც „კოვიდ-19“ კვირას გამოუვლინდა. სწორედ ამ შემთხვევის გამო მოსწავლეს სკოლაში ორშაბათიდან აღარ უვლია, ვირუსი კი მას დღეს დილით დაუდასტურდა.

ამასთან, როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ეპიდემიოლოგები სკოლის სხვა მოსწავლეების, მათ შორის ინფიცირებულის კლასელების დავირუსების საფრთხეს მინიმალურად აფასებენ, რის გამოც სკოლაში სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა.

შესაბამისად, სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებს არც კლასის და არც სკოლის სხვა მოსწავლეების ან პერსონალის იზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია არ გაუციათ. ნანი გიორგაძის თქმითვე, სკოლის ადმინისტრაცია ეპიდემიოლოგებთან მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებს და ყველა ნაბიჯს მათი რეკომენდაციების შესაბამისად დგამს.

სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.