თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, ამავე სკოლის მოსწავლეების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მშობლების თქმით, აქციის მიზეზი მოკლეტექსტური შეტყობინება გახდა, საიდანაც გაიგეს, რომ შენობა ავარიულია და ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს, მოსწავლეები კი სხვა სკოლებში უნდა გადაიყვანონ.
მშობლების ინფორმაციით, შეტყობინება სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სკოლის დირექციისგან მიიღეს. 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები არ გამორიცხავენ, რომ დღის წესრიგში შესაძლოა, შენობის გაყიდვის ან დანგრევის საშიშროება იდგეს.
როგორც მშობლები აცხადებენ, თუკი დადგინდება რომ ყოფილ გერმანულ სკოლაში სწავლის გაგრძელება შეუძლებელია, სრულად უნდა შენარჩუნდეს პედკოლექტივი და გამოიყოს ალტერნატიული ფართი. ისინი სწავლის დისტანციურად გაგრძელებაზე უარს აცხადებენ.
დღეს სკოლის დირექციასთან შეხვედრა გამართა განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმაც. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორმა განაცხადა, გუშინ დღის მეორე ნახევარში სკოლისთვის ცნობილი გახდა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სწავლა უნდა შეჩერებულიყო.
მხარეები კი შეთანხმდნენ, რომ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში მოიძებნება ისეთი ალტერნატიული გამოსავალი, რომლითაც სრულად იქნება დაცული ბავშვების ინტერესები და კმაყოფილი დარჩება სასკოლო საზოგადოება.