თბილისის 109-ე საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი „დირსის" კომპლექსში განაახლა
თბილისის 109-ე საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი „დირსის" კომპლექსში განაახლა

თბილისის 109–ე საბავშვო ბაღის სააღმზრდელო პროცესი დღეს დილიდან ,,დირსის’’ კომპლექსში განახლდა. ბაღების მართვის სააგენტომ კომპლექსში, სამ სართულზე განთავსებული 22 საცხოვრებელი ბინა იქირავა. როგორც სააგენტოდან „პირველ არხს” აცნობეს, კომპლექსში უკვე გადატანილია ყველა შესაბამისი ინვენტარი, მოწყობილია სამზარეულო, სანიტარული წერტილები, მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, იჯარისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვისთვის საჭირო ხარჯები თავად გაიღეს და ეს თანხა თვეში 12 ათას ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონში მდებარე 109-ე საბავშვო ბაღი გასულ კვირას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე დაიხურა. ექსპერტიზის თანახმად, შენობა დაზიანებულია და მასში საბავშვო ბაღის განთავსება მიზანშეწონილი არ არის.

109-ე ბაღში 731 ბავშვი ირიცხება. კუთვნილ ტერიტორიაზე სააღმზრდელო პროცესს ბაღი, სავარაუდოდ, წელიწად-ნახევრის შემდეგ გააგრძელებს.