„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 12 ივნისს აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართება
„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 12 ივნისს აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, 12 ივნისს აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენა საქართველოს აუდიოფონდში დაცული ქართველი პოეტების ხმის უნიკალური ჩანაწერებისა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი მუსიკის ნაერთია.

საღამოს სტუმრები მოისმენენ აკაკი წერეთლის „განთიადის“, პაოლო იაშვილის „მაგიდა ჩემი პარნასის“, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემნის“, ზურაბ რთველიაშვილის „მე ვარ ვენახისა“ და იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ და „აპრილი თბილისში“ აუდიოჩანაწერებს.

საღამოს გახსნიან მოდერატორები – რატი ამაღლობელი და შოთა იათაშვილი, რომლებიც ქართული მწერლობისა და პოეზიის ძველი და ახალი საინტერესო ფაქტებს მოგვითხრობენ. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტი დათო ჩიხლაძე, ხოლო მუსიკალურად გააფორმებს ბენ ვილერის, სანდრო ჩინჩალაძისა და ვაჟა მარის ბენდი.

აუდიო-მუსიკალური საღამო წინამძღვრიშვილის N102-ში, 19:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

თბილისის მერიის ცნობით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

დატოვე კომენტარი