„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლვოვის რეზიდენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლვოვის რეზიდენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, თბილისისა და ლვოვის სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობისთვის, ქართველი ავტორების განაცხადების მიღება იწყება.

პროგრამის ფარგლებში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში, უკრაინელი ავტორი იცხოვრებს და იმუშავებს, ქართველი ავტორი კი ქალაქ ლვოვში გაემგზავრება.

ქართველი რეზიდენტი ავტორი, ასევე, დაესწრება საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ, „ლვოვის წიგნის ფორუმს“, რომელიც 15-19 სექტემბერს გაიმართება.

„მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, უკვე გამოვაცხადეთ ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიას სარეზიდენციო განაცხადების მიღება. ამჯერად, ლვოვის ჯერია. ამ ქალაქში, რეზიდენციის გარდა, ქართველი ავტორი ლვოვის საერთაშორისო ფესტივალსაც დაესწრება. წლის ბოლომდე, კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამას დავაანონსებთ“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დავუკავშირდეთ ისეთ კულტურული და ლიტერატურული აქტივობით გამორჩეულ ქალაქებს, როგორიცაა ლვოვი. ამ პროგრამის შედეგად, კიდევ ერთი ქართველი ავტორი იმუშავებს ახალ ნაწარმოებზე, მწერალთა სახლის რეზიდენციას კი მორიგი რეზიდენტი შეემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ, ვიზიტის ფარგლებში, ორივე ავტორი ჩაერთვება მასპინძელი ქალაქის ლიტერატურულ ღონისძიებებში“, – ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური.

სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შემოტანა შეუძლია ავტორს, რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი. აუცილებელი პირობაა, ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე (A2) ცოდნა. მიიღება განაცხადები ნებისმიერი ჟანრის მხატვრულ ლიტერატურულ ტექსტზე სამუშაოდ.

ფესტივალის თემატიკიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება ავტორებს, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაწარმოებზე მუშაობას აპირებენ (2021 წლის „ლვოვის წიგნის ფორუმი“ ფანტასტი მწერლის, სტანისლავ ლემის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება).