„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გამომცემლებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გამომცემლებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს

პირველ ივნისს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქმა“ გამოაცხადა კონკურსი გამომცემლებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს თარგმნილი ლიტერატურის გამოცემას. სტიპენდია საავტორო ლიცენზიის შესაძენი თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვას ითვალისწინებს.

„ჩვენი გამომცემლობები მკითხველს მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო თარგმანებით ამარაგებენ, თუმცა, მასშტაბის გათვალისწინებით, ამ სფეროს ყოველთვის სჭირდება ხელშეწყობა. უცხოური ლიტერატურის თარგმანის გამოცემა, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტის ფარგლებში, გამომცემლობებსაც მივცეთ სტიპენდიის მოპოვებისა და მათთვის სასურველი გამოცემების საავტორო უფლებების შესყიდვის საშუალება“, – აცხადებს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.

განაცხადების მიღება 21 ივნისამდე გაგრძელდება. ელექტრონულ მისამართზე [email protected] გამომცემლებმა უნდა წარადგინონ სამოტივაციო წერილი, დეტალური ინფორმაცია გამოსაცემ წიგნზე (დასახელება, ავტორი, გამოცემის წელი, გვერდების რაოდენობა, გამომცემელი, საავტორო უფლების მფლობელი, მოკლე ანოტაცია, ორმხრივად ხელმოწერილი საავტორო უფლებების ხელშეკრულება ან შეთანხმების აქტი (ამ უკანასკნელში გადასახდელი ავანსისა და სხვა პირობების მითითებით). ასევე, მთარგმნელთან დადებული ხელშეკრულება და შერჩეული მთარგმნელის მოკლე რეზიუმე.

განაცხადებს განიხილავს სამწევრიანი ჟიური. გამარჯვებულები 30 ივნისს გამოვლინდება. თითო გამომცემელს, მაქსიმუმ სამი განაცხადის შეტანა შეუძლია.