თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე 30 ივლისს მოძრაობა შეიზღუდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე 30 ივლისს მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ120 მონაკვეთზე ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნების განთავსებისთვის საჭიროა 21,6 მ. სიგრძის ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი, რისთვისაც საჭიროა მაღალი ტვირთამწეობის ორი ამწე მექანიზმის ერთდროული მუშაობა, რაც სრულად დაიკავებს სავალი ნაწილის მარჯვენა (დასავლეთის) მიმართულებას, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების წარმოების მიზნით, 2020 წლის 30 ივლისის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე დასავლეთის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„დროის აღნიშნულ პერიოდში დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ114 მონაკვეთზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-203) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 102 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი)-გომი-აგარა-თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 121 (აგარების სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

დატოვე კომენტარი