„თბილისი პრაიდმა“ ლგბტქ უფლებებზე 15 პარტიასთან შეთანხმება გააფორმა
„თბილისი პრაიდმა“ ლგბტქ უფლებებზე 15 პარტიასთან შეთანხმება გააფორმა

„თბილისი პრაიდმა“ ლგბტქ უფლებებთან დაკავშირებით 15 პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმება გააფორმა.

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, თხუთმეტი პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებენ ქვიარ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თბილისი პრაიდმა დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ქვიარ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. საქართველოში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებში არსებობდეს ერთიანი პოზიცია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, თბილისი პრაიდმა მიმართა ყველა ძირითად პრო-დასავლურ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში.

შედეგად, თხუთმეტი პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დეკოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციაში.

„თბილისი პრაიდის“ ცნობით, ხელმომწერი პარტიები არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი“; „ევროპული საქართველო“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“; „რესპუბლიკური პარტია“;  „კანონი და სამართალი“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ლელო“; „რეფორმერი“; „მოძრაობა „დროა“; „სამართლიანობისთვის“; „ერთიანი საქართველო“; „თავისუფალი დემოკრატები“; „პროგრესი და თავისუფლება“; „გამარჯვებული საქართველო“.