„თბილისი პრაიდი“ - ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა დღეს განუყოფელია საერთო სახალხო ბრძოლისგან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ
„თბილისი პრაიდი“ - ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა დღეს განუყოფელია საერთო სახალხო ბრძოლისგან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოში საგანგაშოდ გაუარესებული უფლებრივი მდგომარეობით ვხვდებით, ამას საერთაშორისო ლგბტქ ორგანიზაციის, ILGA-ს მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშიც ადასტურებს, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა განუყოფელია საერთო-სახალხო ბრძოლისგან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.

„ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოების ინდექსში ევროპის 49 ქვეყნიდან საქართველო 44-ე ადგილს იკავებს. ეს 2013 წლიდან მოყოლებული ისტორიული მინიმუმია.

ლგბტქ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის საგანგაშო უკუსვლა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული, სიძულვილზე დაფუძნებული ანტი ლგბტქ კანონითა და ავტორიტარული მმართველობითაა განპირობებული. ჯერ კიდევ არჩევნების გაყალბებამდე და მასობრივი ტერორის წარმოებამდე ფაშისტურმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, ქვიარ თემი გაექრო ყოველგვარი საჯარო თუ კერძო სივრციდან, უფლებადაცვითი დოკუმენტებიდან, ხელოვნებიდან თუ კულტურიდან; დაეკანონებინა სიძულვილი, დევნა, ცენზურა და ჩაგვრა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდან დღემდე ქვიარ თემი ყოველწლიურად ვხდებოდით სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული ჩაგვრისა და ძალადობის სამიზნე. ეს ძალადობა არასდროს იყო ქართველი ხალხის ნება, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, წაეხალისებინა ძალადობრივი ჯგუფები.

ჩვენ გვესმის, რომ ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა დღეს განუყოფელია საერთო-სახალხო ბრძოლისგან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.

ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთმანეთის გაძლიერებით, ერთად დგომითა და ურთიერთსოლიდარობით შევძლებთ ავტორიტარიზმის დამარცხებას. ამიტომ დღეს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს, რადგან ჩვენ ყველაზე პირველმა გამოვცადეთ, რას ნიშნავს, იდევნებოდე, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი“, – ნათქვამია განცხადებაში.