თბილისი - მანგლისის გზის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება
თბილისი - მანგლისის გზის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი (პანტიანი) – მანგლისის გზაზე 10 კმ-იანი (კმ23-კმ32) მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა, კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ, საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 6 995 800 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.