თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმს მასპინძლობს
თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმს მასპინძლობს

თბილისში ევროპის საავიაციო ფორუმის – CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება გაიმართება. ფორუმი დღეს იწყება და 22 თებერვლამდე გაგრძელდება. მასში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ამ ფორუმს მასპინძლობს, მნიშვნელოვანი წარმატებაა.

„დაახლოებით, რვა თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო მონაწილეობა შერჩევის პროცესში და გავმხდარიყავით CONNECT 2018-ის რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძლები. ფორუმი წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და  ის ფაქტი, რომ მოვიპოვეთ ამ ღონისძიების მასპინძლობის უფლება, უკვე დიდი წარმატებაა და ჩვენი ქვეყნისადმი მზარდ ინტერესს მოწმობს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმზე უკვე დარეგისტრირდნენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.

CONNECT 2018-თან დაკავშირებით, სასტუმრო „ბილტმორში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ბუტომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მხარეებმა განაცხადეს, ფორუმზე დამსწრე დელეგატები საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს განიხილავენ. ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართლებაზე თანამშრომლობას.

ქეთევან ალექსიძის თქმით, ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით.