„თბილისი ენერჯიში“ ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, რომ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია
„თბილისი ენერჯიში“ ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, რომ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია

გამოძახების ადგილზე დაგვხვდა აფეთქება, რომლის მიზეზი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, საბედნიეროდ, არავინაა დაშავებული, თუმცა დაზიანებულია კორპუსი და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მანქანები. არსებობს ვერსია, რომ აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი აირის დაგროვებამ, – ამის შესახებ „თბილისის ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით დადასტურებით არ შეიძლება ითქვას, აფეთქება უკავშირდება თუ არა ბუნებრივი აირის დაგროვებას.

„აღნიშნულ ინფორმაციას არც ვადასტურებთ, არც უარვყოფთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოგვეცა ადგილის დათვალიერების საშუალება. დაზიანებულია კორპუსი და უსაფრთხოების გამო ვერ მოხდა ჩვენი იქ შესვლა. ჩემი ინფორმაციით, მოსახლეობა გაიყვანეს, ევაკუაცია მოხდა ორ თუ სამ სადარბაზოში. პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და შესაძლებელია, იქ მომხდარიყო გაზის დანადგარებთან ან გაზის ქსელთან არასათანადო ქმედება. სამწუხაროდ, ანალოგიური შემთხვევები ხშირია, რემონტის დროს დანადგარებს ტოვებენ გახსნილს, უყურადღებოდ, თვითნებურად ხდება გაზის ქსელის გადაადგილება არასათანადო პირების მიერ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ რემონტის დროს, გაზის ნებისმიერ დანადგართან ურთიერთობისას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

წუხელ თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.