„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ დიდუბის საცხობში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია
„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ დიდუბის საცხობში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია

წინასწარი ინფორმაციით, დიდუბის საცხობში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

ამის შესახებ კომერციული და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში „თბილისი ენერჯის“ დირექტორმა, ედიშერ ხორავამ განაცხადა.

„გამოძახების შემოსვლისთანავე ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები გამოცხადდნენ ადგილზე. პირველი დათვალიერებით ირკვევა, რომ სავარაუდოდ, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი, დანადგარის ონკანი. სავარაუდოდ ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება, ხოლო შემდგომ აფეთქება. ასევე, ერთი შეხედვით ჩანს, რომ აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია მთელი რიგი დარღვევებით, თვითნებურად, რამაც სავარაუდოდ, ასევე გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა.

მინდა, ჩვენს მომხმარებლებს ვუთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ გაზის მოწყობილობები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ძალიან გახშირდა ასეთი შემთხვევები. ბოლო პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით, ერთი ათეული შემთხვევა გვაქვს. მსგავსი უყურადღებობის გამო კორპუსები გადაურჩნენ აფეთქებას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, ყურადღებით იყვნენ, არ დატოვონ დანადგარები მოშვებულ მდგომარეობაში, რათა საფრთხე არ შეუქმნან თავინთ თავს, ასევე მეზობლებს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება დაშავებულებს, ედიშერ ხორავას განცხადებით, ორი ადამიანს ხელის არეში აქვთ მიღებული დამწვრობა.

„ჩვენი ინფორმაციით, ორი ადამიანია მსუბუქად დაშავებული. ხელის არეში აქვთ დამწვრობები.

ასეთი შემთხვევისთვის სანქციები არ არის გათვალისწინებული. ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ, ის არის, რომ გაზი შეუწყდეს აღნიშნულ მომხმარებელს, ვიდრე არ მოხდება დარღვევების გამოსწორება“, – აღნიშნა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა.

აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.