„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი აფეთქებას გადაურჩა
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ფოტოებზე თქვენ ხედავთ თბილისში აფეთქებას გადარჩენილ კიდევ ერთ სახლს, რომელიც ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე შენობებს და მაცხოვრებლებს. მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შემდეგ, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა. ადგილზე გამოძახებულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის 114 სპეციალისტებმა უსაფრთხოების ყველა ზომა გაატარეს, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. ბინა გაქირავებული იყო, ბინაში მცხოვრებლები კი აღნიშნულ მომენტში ქალაქიდან იყვნენ გასულები“, – აღნიშნულია თბილისი ენერჯის განცხადებაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილებით გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ საცხოვრებელ სახლებში გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელია ბინის მეპატრონე.

„თბილისი ენერჯი“ მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად დაიცვათ თქვენს სახლებში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები, რათა საფრთხე არ შეუქმნათ საკუთარი ოჯახის წევრებს და არც მეზობლებს; არ მოიხმაროთ კუსტარულად დამონტაჟებული ნებისმიერი ტიპის წყლის გამაცხელებელი (ე.წ. კალონკა) და გაზის გამათბობელი. ყველა დანადგარი უნდა იყოს სპეციალისტის მიერ შემოწმებული და დამონტაჟებული.
თბილისი ენერჯი ცხელ ხაზზე 2 40 40 04 და სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. ასევე ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეგიძლიათ ონლაინ – www.te.ge ან „თბილისი ენერჯის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით
გისურვებთ ჯანმრთელობას და მეტ სიფრთხილეს“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.