„თბილისი ენერჯი“ - თბილისში, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
„თბილისი ენერჯი“ - თბილისში, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„კომპანიის ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის 31 ნომერში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა ადგილზე მისვლისთანავე სპეციალური ლაზერული აპარატით კორპუსის ყველა ბინა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭები და გაზგაყვანილობა შეამოწმეს.

ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალურმა აპარატმა გაზის ძლიერი კონცენტრაცია დააფიქსირა.ბინა დაკეტილი იყო. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები გამოიძახეს. დაკეტილი ბინის გაღება და განიავება მათი დახმარებით მოხერხდა. სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას გაზის ორი ჩახსნილი რეზინის მილი აღმოაჩინეს, რომელიც არც ერთ დანადგარზე არ იყო მიერთებული. ბინაში არსებული გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო. მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა მეპატრონეებს გაქირავებული ჰქონდათ და ე.წ მდგმურებმა საცხოვრებელი ფართი წინა ღამეს დაცალეს.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს მეტი ყურადღებისკენ და მეტი პასუხისმგებლობისკენ.

გახსოვდეთ, რომ თქვენს დაუდევრობას შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს.

განსაკუთრებით პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ გაქირავებული და დაგირავებული ბინების მფლობელებსა და დამქირავებლებს. სტატისტიკური მონაცემებით უბედური შემთხვევების დიდი წილი სწორედ ასეთ ბინებზე მოდის.

„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომელთა სწრაფმა და დროულმა ქმედებამ კორპუსი აფეთქებას გადაარჩინა. მადლობა საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის -სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟებს. განსაკუთრებული მადლობა იმ მოქალაქეს, რომელმაც კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა და შეგვატყობინა აღნიშნულ მისამართზე გაზის სუნის შესახებ“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.