თბილისი-დელის ავიარეისები 5 მარტიდან, ყოველდღე შესრულდება
თბილისი-დელის ავიარეისები 5 მარტიდან, ყოველდღე შესრულდება

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ (IndiGo – InterGlobe Aviation Limited) შემოდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველი რეგულარული რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება.

2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში შვიდი სიხშირით შეასრულებს. ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „ინდიგოს“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა.

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას 2018 წლის 11 აპრილს მოეწერა ხელი.

დატოვე კომენტარი