თბილისი და ბათუმი იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდნენ
თბილისი და ბათუმი იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდნენ

49 ქალაქი, მათ შორის თბილისი და ბათუმი, იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა.

იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულეიმ დაასახელა ახალი ქალაქები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, დააყენონ კულტურა და შემოქმედებითობა წინა პლანზე,  გააზიარონ ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა.

მისი თქმით, ახალი ურბანული მოდელი უნდა შემუშავდეს ყველა ქალაქში, თავისი არქიტექტორებით, ქალაქმგეგმარებლებით, ლანდშაფტის დიზაინერებითა და მოქალაქეებით. მისი თქმით, ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, იმუშაონ სახელმწიფოებთან, რათა გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა ქალაქებს შორის, რომლის ხელშეწყობაც იუნესკო-ს სურს.

ქსელი აერთიანებს 295 ქალაქს 90 ქვეყანაში. მდგრადი ურბანული განვითარების მიზნით, კულტურასა და შემოქმედებით სფეროებში ახორციელებს ინვესტიციებს, მათ შორის ხალხურ ხელოვნებაში, დიზაინში, კინოინდუსტრიაში, ლიტერატურაში, გასტრონომიაში, მედიახელოვნებასა და მუსიკაში.

წელს ქსელი ასევე აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას, შემოქმედებითობასა და კულტურაზე დაფუძნებულ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ქმედებებზე, რომელსაც იუნესკო გამოაქვეყნებს პანდემიით დაზარალებული ქალაქების მხარდასაჭერად.