თბილისი ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
თბილისი ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 10 აგვისტოს, 17:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში 18-წლამდელთა შორის.

პირველ დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება ფინეთი. დაპირისპირება17:30 საათზე დაიწყება. მათ გარდა ჯგუფში საქართველოს მეტოქეები არიან ბელარუსი, საბერძნეთი და იტალია. ნახევარფინალში ჯგუფებიდან 2-2 გუნდი გადის. ჩვენი გუნდის მიზანიც ეს არის- საუკეთესო ორ გუნდში მოხვედრა და ჯგუფიდან გასვლა.

ანალოგიური ტურნირი იმართება ავსტრიის ქალაქ ტულნში, ამ ორი ჩემპიონატის გამარჯვებული 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ 16 გუნდში თამაშის უფლებას მიიღებს.

ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი რამდენიმე წელია ტიტე კალანდაძეა. მისი უცვლელი ასისტენტია გიორგი სახვაძე, ამ ჩემპიონატისთვის კი სამწვრთნელო სტაფს დაემატა სერგო დათუკაშვილი, ვისთვისაც ეს შეჯიბრება დებიუტი იქნება ახალ ამპლუაში. მეკარეების მწვრთნელი ქართული ხელბურთის ვეტერანი ამირან კომახიძეა.

ჭაბუკთა ნაკრები ბოლო სამი თვეა, ინტენსიურად ემზადება უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის. ბოლო შეკრება გაიარა 19-მა მოთამაშემ საქართველოს შვიდი და ორი უცხოური კლუბიდან.

პირველი მათგანია ხელბურთის ქართველი ქომაგისთვის ცნობილი გიორგი ცხოვრებაძე, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის „მონპელიეს“ წევრი. ცხოვრებაძეს უკვე უთამაშია საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და წინა თაობის ჭაბუკთა ნაკრებებში, ახლა კი პირველად უწევს თანატოლების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა.

მეორე ლეგიონერია გერმანიაში დაბადებული და ბუნდესლიგის კლუბ „ლემგოს“ ჭაბუკთა გუნდის აღზრდილი, გამთამაშებელი კახა ჩადუნელი. ამ 19 მოთამაშიდან მწვრთნელები 16 ხელბურთელს დააფიქსირებენ საწყის განაცხადში, ჩემპიონატის მსვლელობისას კი ორი ცვლილების უფლება ექნებათ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა დანარჩენ მატჩს 17:00 საათზე დაიწყებს. 11 აგვისტოს ეთამაშება ბელარუსს, 13 აგვიტოს – საბერძნეთს, 14 აგვისტოს კი – იტალიას.

თამაშები ოლიმპიურ სასახლეში 11:00 საათიდან იწყება, ფინალი მომავალ კვირას, 19 აგვისტოსაა.