თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისით დღეს სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან
თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისით დღეს სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან, დღეს მორიგი რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან ფეხმძიმე ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები.

„აღნიშნულ რეისს ასევე მოჰყვება მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან, ბერლინის აეროპორტამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ყველა შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი იყოს უშუალოდ ხომალდის ბორტზეც, ბერლინიდან თბილისამდე მგზავრობისას“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ მოქალაქეები ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან და ლარნაკადან.

„12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.